"ჰამასის" განცხადებით, მათი ლიდერი“ ისმაილ ჰანიე ირანში მოკლეს

"ჰამასის" „პოლიტიკური ლიდერი“ ისმაილ ჰანიე, ოთხშაბათს, ირანში მოკლეს. ამის შესახებ ნათქვამია დასავლეთის მიერ ტერორისტულ ორგანიზაციად აღირებული "ჰამასისა" და ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსის, ელიტური ქვედანაყოფის განცხადებებში.

"ჰამასის" განცხადებით, ის „თეირანში, მის რეზიდენციაზე, სიონისტების საჰაერო თავდასხმაში" მოკლეს.

სამშაბათს, ისმაილ ჰანიე ირანის ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციას დაესწრო.


„დღეს დილით, თეირანში, ისმაილ ჰანიეს რეზიდენციაზე იერიში მიიტანეს, რის შედეგადაც ის და მისი დაცვის ერთ-ერთი წარმომადგენელი მოწამეობრივად დაიღუპა. მიზეზის დასადგენად გამოძიება მიმდინარეობს და მალე გახდება ცნობილი," - აცხადებენ რევოლუცის გუშაგთა კორპუსში.

„ძმა ლიდერ ისმაილ ჰანიეს, "ჰამასი", დიდ პალესტინელ ხალხს, არაბული და ისლამური ერების ხალხებს და მსოფლიოს ყველა თავისუფალ ხალხს, მოწამედ უცხადებს,“ - ნათქვამია თავის მხრივ, "ჰამასის" განცხადებაში.

ირანის საგარეო უწყების წარმომადგენელი ამბიბს, რომ ისმაილ ჰანიეს მკვლელობა ირანსა და პალესტინას შორის კავშირს გააძლიერებს.

„თეირანში, ისმაილ ჰანიეს მოწამეობა ირანის ისლამურ რესპუბლიკას, პალესტინასა და წინააღმდეგობას შორის ღრმა და განუყოფელ კავშირს გააძლიერებს,“ - განაცხადა ნასერ ქანაანმა.


რუსეთმა და თურქეთმა თეირანში, საჰაერო თავდასხმის შედეგად „ჰამასის“ ლიდერის, ისმაილ ჰანიეს დაღუპვა დაგმეს.

„ეს აბსოლუტურად მიუღებელი პოლიტიკური მკვლელობაა, რომელიც დაძაბულობის შემდგომ ესკალაციას გამოიწვევს“, - განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, მიხეილ ბოგდანოვმა.


თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ ისმაილ ჰანიეს მკვლელობა მიზნად ღაზაში მიმდინარე ომის რეგიონში გავრცელებას ისახავს.

„თეირანში, „ჰამასის“ პოლიტიკური ლიდერის, ისმაილ ჰანიეს სამარცხვინო მკვლელობას ვგმობთ,“ - ნათქვამია თურქეთის საგარეო უწყების განცხადებაში.


ამ დრომდე, კომენტარი არ გაუკეთებია ისრაელს.

30 ივლისს, ისრაელის არმიამ განაცხადა, რომ ბეირუთში განხორციელებული საჰაერო იერიშის დროს, მოკლა "ჰეზბოლას" უმაღლესი რანგის მეთაური - გოლანის მაღლობებზე განხორციელებული სარაკეტო თავდასხმის საპასუხოდ, რომელმაც სამი დღის წინ 12 მოზარდი იმსხვერპლა. „ჰეზბოლა“ ისრაელის თავდასხმის შედეგად, მისი მეთაურის, ფუად შუქრის დაღუპვას ამ ეტაპზე არ ადასტურებს.